სსიპ კოლეჯ „მერმისის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კოლეჯის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის ქალაქ ჰაიდუსობოსლოში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტის „NextGenVET – Building Resources and Capacities for the Next Generation of Drones and Pilots“ Training of Trainers — „ტრენერთა ტრენერი“ საერთაშორისო ტრენინგში.
ტრენინგი პროფესიული განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და მომავალ ტექნოლოგიებს დაეთმო. მთავარი მიზანი იყო დრონების ტექნოლოგიებისა და ციფრული უნარების პროფესიულ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, თანამედროვე სასწავლო რესურსებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გაცნობა და ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება. მონაწილეებისთვის ეს იყო არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გაცნობის, არამედ სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება — ტრენინგში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, რაც გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნიდა.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებისთვის მხოლოდ პირად პროფესიულ განვითარებას არ ემსახურება — ის კოლეჯის სტუდენტებსა და კოლეგებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს „მერმისში“ თანამედროვე, ინოვაციური და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას.








