საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერება — ამ მიმართულებებით გაგრძელდა სსიპ კოლეჯ „მერმისისა“ და გერმანული ორგანიზაციის Senior Expert Service (SES) თანამშრომლობა.
2026 წლის 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, კოლეჯ „მერმისში“ SES-ის პროგრამის ფარგლებში მოწვეული გერმანელი ექსპერტის, ბატონი თომას გეორკეს, მესამე ეტაპის ვიზიტი განხორციელდა. თანამშრომლობა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ჩართულობით ხორციელდება და კოლეჯის ინსტიტუციურ განვითარებასა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სარესტორნო მომსახურებისა“ და „სასტუმროს მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ექსპერტმა ჩაატარა ტრენინგები მომსახურების სტანდარტების, სერვირების, დაჯავშნის პროცედურების, დასუფთავების, უსაფრთხოებისა და სტუმართა მომსახურების საკითხებზე. ბატონი თომას გეორკე ასევე დაესწრო „კულინარიის ხელოვნებისა“ და „კონდიტერიის“ პროგრამების მასწავლებელთა მასტერკლასებს. გამოცდილების გაზიარებამ ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკული მიდგომების გაცნობასა და პროფესიული ცოდნის ურთიერთგამდიდრებას.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა რესტორნის მომსახურების სიმულაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ „სარესტორნო მომსახურების“, „კულინარიის ხელოვნებისა“ და „კონდიტერიის“ პროგრამების მასწავლებლები და სტუდენტები. სიმულაციის ფარგლებში გამოიკვეთა სტუმართმასპინძლობის სფეროში სხვადასხვა პროფესიის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა — სამზარეულოდან და საკონდიტროდან დაწყებული, სტუმრის უშუალო მომსახურებით დასრულებული. სტუდენტებმა რეალურთან მიახლოებულ გარემოში გამოიყენეს პროფესიული ცოდნა და უნარები, რაც ხელს უწყობს მათ მომზადებას სამუშაო გარემოს მოთხოვნებისთვის.
SES-ის ექსპერტთან თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს კოლეჯის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სწავლებისა და შეფასების მეთოდების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გასაძლიერებლად.







