იქ, სადაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები იხვეწებიან და ყალიბდება საერთაშორისო სტანდარტები, სსიპ კოლეჯ „მერმისი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ცოდნის მიღებას.
ამ მიზნით, საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კოლეჯ „მერმისის“ მიერ შერჩეულმა მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელმა იამზე ნოზაძემ ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური პროფესიული სასწავლო კურსი გაიარა იტალიაში, მსოფლიო მოდის დედაქალაქ მილანში, Istituto di Moda Burgo-ში — მოდის სფეროს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სასწავლებელში, რომლის სასწავლო მეთოდები და პრაქტიკა ფართოდ არის აღიარებული მოდის ინდუსტრიაში.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა მოდის ილუსტრაციას, ადამიანის ფიგურის პროპორციებს, კაფსულა კოლექციის შექმნას, Burgo-ს მეთოდით თარგების აგებას, კერვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ქალის ტანსაცმლის პროტოტიპების დამზადებას. კურსის ფარგლებში იამზე ნოზაძე ასევე დაესწრო Dolce & Gabbana-ს წამყვანი დიზაინერისა და მკერავის, ბიაჯოს პროფესიულ მასტერკლასს.
მიღებული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას და სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი პროფესიული განათლების შეთავაზებას.
სსიპ კოლეჯ „მერმისი“ მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რადგან პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება მუდმივ განვითარებასა და ახალი გამოცდილების დანერგვას ეფუძნება.
ვიზიტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტისა და სსიპ კოლეჯ „მერმისის“ მხარდაჭერით, „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ ფარგლებში.



