მერმისი

საერთაშორისო გამოცდილება – პროფესიული განათლების ხარისხისთვის

საერთაშორისო გამოცდილება – პროფესიული განათლების ხარისხისთვის

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სსიპ კოლეჯ „მერმისის“ პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სსიპ კოლეჯმა „მერმისმა“ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტისთვის პროფესიული განათლების მასწავლებლები: მარიკა არსენიძე და ნინო ბუთხუზი წარადგინა. კონკურსის შედეგად, ისინი იმყოფებოდნენ საფრანგეთში, ქალაქ ისინჟოში, მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ საკონდიტრო სასწავლებელში — École Ducasse-ში.

სკოლა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია საკონდიტრო ხელოვნების, შოკოლადის, კონფეტერიის, საცხობისა და ნაყინის მიმართულებებით და პროფესიონალებისთვის მაღალი დონის პრაქტიკული სწავლებისა და მასტერკლასების შესაძლებლობებს სთავაზობს.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის მასწავლებლებმა გაიარეს ფრანგული საკონდიტრო ხელოვნების ინტენსიური მასტერკლასი. განსაკუთრებული გამოცდილება იყო შოუ-მასტერკლასი ყინულის დეკორაციულ დამუშავებაში, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ საკონდიტრო სფეროში დეკორაციის თანამედროვე და მაღალპროფესიულ ტექნიკებს.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაწილე მასწავლებლებითვის, არამედ კოლეჯის სტუდენტებისთვისაც. ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მომავალ კონდიტრებს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებულ პროფესიულ განათლებას შესთავაზებს.

სსიპ კოლეჯი „მერმისი“ განაგრძობს პედაგოგების საერთაშორისო პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რადგან ხარისხიანი პროფესიული განათლება იწყება მასწავლებლის უწყვეტი განვითარებით, ახალი ცოდნითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

ვიზიტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული განათლების დეპარტამენტისა და სსიპ კოლეჯის “მერმისი” მხარდაჭერით, “პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების” ფარგლებში.